მარიამ ქვრივიშვილი: ღვინის ტურიზმის კონფერენციაზე შესაძლებლობა გამოვიყენეთ, მეტი გვესაუბრა საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე, ღვინოსა და ღვინის ტურიზმზე, რადგან მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში
„გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მაღალი დონის მინისტერიალზე მოგვეცა შესაძლებლობა, ყურადღება გაგვემახვილებინა საქართველოს ღვინის წარმოების კულტურაზე, მის 8000-წლიან ისტორიაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაზე, აგრეთვე, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს აღნიშნული ბიზნესის მიმართ.
ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, მეტი გვესაუბრა საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე, ღვინოსა და ღვინის ტურიზმზე, რადგან მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც მოხსენება გააკეთა ღვინის ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილ ფორუმზე.
მასთან ერთად, საკუთარი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, სადაც ღვინის ტურიზმი ძალიან განვითარებულია. მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ეტაპებსა და ხელშეწყობის იმ მექანიზმებზე, რომელთაც მთავრობა კერძო სექტორის მიმართ იყენებს. აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ბიზნეს სტიმულირების სხვადასხვა პროგრამით ხელს უწყობენ მცირე და საშუალო კომპანიების, მათ შორის, საოჯახო მარნების, განვითარებას მიკროგრანტებით, თანადაფინანსებისა თუ საკრედიტო – საგარანტიო მექანიზმებით. აღნიშნულმა საკითხმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ზოგადად, საქართველოს ცნობადობა, როგორც ღვინის სამშობლოსა და ღვინის ტურიზმის ქვეყნის, საკმაოდ გაზრდილია. კონფერენციაზე, რომელშიც ღვინის ტურიზმის სფეროში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, გამოსვლელთა დიდი ნაწილი ახსენებდა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას, რომელმაც შედარებით მოკლე პერიოდში შეძლო საკუთარ ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ღვინის ტურიზმის სფეროში. ძალიან სასიხარული იყო იმის მოსმენა, რომ კონფერენციაზე გამომსვლელი ავტორიტეტული პირები საქართველოს წარმატებაზე საუბრობდნენ. ასეთი მაღალი რანგის დელეგატები, რომ საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყანას, უკვე იცნობენ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.