პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის განხორციელების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ რ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას, ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი, რ.ა. აგრესიულად იყო განწყობილი და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტების მიმართ სპეცოპერაციის გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების გამო, რა დროსაც მათ ძალადობის მუქარით მოსთხოვა, შეეჩერებინათ გადაღება.

ვინაიდან ჟურნალისტებმა მათი პროფესიული საქმიანობა გააგრძელეს, რ.ა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ავტომანქანით განზრახ დაეჯახა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს ფეხის არეში და დაუზიანა ვიდეოკამერის შტატივი, რითაც აიძულა შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა. რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი სახის დანაშაულის ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები