შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: მოვითხოვ, აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული
ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იქნას გამოყენებული.
„გადმომეცა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო – საქმის მასალები. დეტალურად გავეცნობი და ჭორის დონეზე არ ვისაუბრებ, კონკრეტულად მეცოდინება. დაახლოებით, 8-9 ტომია. მას შანაე ბრუკთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, შემხებლობაშიც არ არის. არაერთი ისეთი პირია გამოკითხული, ვინც ამ საქმესთან შემხებლობაში არ ყოფილა. მათგან ერთ-ერთია ისიც. ვნახოთ, ბრალდების მხარე რას მოითხოვს. მოვითხოვ, აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული“, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვი ბრალს დღეს წარუდგენენ. 33 წლის, საქართველოს მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გუშინ დააკავა. მკვლელობა 30 ივლისს მთაწმინდის ფერდზე მოხდა.