სოფელ მაღაროსკარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა. მაღაროსკარის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მას შპს „მეტალ+” აწარმოებდა. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, გაკეთდა ცივი და ცხელი წყლის, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე, შესასვლელი კიბე, პანდუსი და სხვ. ამასთან, ეზოში მოეწყო საბავშვო-გასართობი კონსტრუქციები, ხოლო სათამაშო მოედანი დაიფარა კაუჩუკის საფარით. უახლოეს პერიოდში კი ბაღი შესაბამისი ინვენტარითაც აღიჭურვება.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვა, მათთვის უკეთესი გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა მაღაროსკარის საბავშვო ბაღი, სადაც პატარებს ამიერიდან გაუმჯობესებულ პირობებში მოუწევთ ყოფნა, რაც განსაკუთრებით მახარებს”, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ.

მაღაროსკარის საბავშვო ბაღში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ბესიკ ბიჩნიგაური, მერის წარმომადგენელი მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში – კახა ბუთხაშვილი და საბავშვო ბაღის თანამშრომლები.

ცნობისათვის, მაღაროსკარის საბავშვო ბაღში ამჟამად 17 აღსაზრდელი ირიცხება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები