ნათია თურნავა Camille Bloch-ის პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის – Camille Bloch -ის პრეზიდენტს, დანიელ ბლოხს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში.
ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა შვეიცარიულმა კომპანიამ, როგორიც Camille Bloch-ია, საქართველოში თხილის პლანტაციის ინოვაციური მეთოდით გაშენება და საკუთარი წარმოების სწორედ საქართველოში გაფართოება გადაწყვიტა.
მისივე თქმით, კომპანიამ სწორედ საქართველო შეარჩია იმ პლატფორმად, სადაც რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ინოვაციური მეთოდით გაშენებული თხილის პლანტაცია ექნებათ და ათობით ადამიანს დაასაქმებენ.
„ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, მათ შორის, დასაქმებული ადამიანების დატრენინგებასა და ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. ეს არის ზოგადად ის სიკეთე, რაც მოაქვთ ევროპელ ინვესტორებსა და ევროპულ ინვესტიციებს საქართველოსთვის არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნითა და ინვესტიცით, არამედ – ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიის დანერგვით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ – Camille Bloch კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია თხილის პირველ მოსავალს 2025 წლისთვის ელოდება.