„ამ რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ“ – ზაალ კასრელიშვილი ავღანეთის კრიზისის შესახებ
“ამ რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ”, – ამის შესახებ ავღანეთის კრიზისზე საუბრისას “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ საკითხს კასრელიშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გამოეხმაურა.
„საკითხი, რომელზეც მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახილოთ, ავღანეთის თემაა. უკანასკნელი 40 -45 წლის მანძილზე ავღანეთი კაცობრიობის მოუშუშებელი ჭრილობაა. აშშ-მა თავისი ჯარი გაიყვანა. ხდება ინტერპრეტაცია, რომ აშშ-მა დაღუპა ავღანეთი, იქაურობა აურ-დაურია. ეს რუსული ნარატივია. აშშ-ის გარდა, იმ ქვეყანაში იყო ინგლისი, საფრანგეთი, ნატო-ს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფების როტაცია, მათ შორის, ნატო-ს მეგობარი ქვეყნები: უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლიტვა. აშშ-მა თავისი ჯარი გაიყვანა და ისინიც მიხვდნენ, რომ დრო იყო, გასულიყვნენ. ორი სიტყვით ამის მიზეზებზე: 20 წლის განმავლობაში აშშ-მა 260 მილიარდი ჩადო, ავღანეთის ჯარი აღჭურვა, 300 000 -იანი ჯარი მოუმზადა. გაირკვა, რომ 20 წლის განმავლობაში ავღანეთის სხვადასხვა მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობდა, კორუფცია ვერ მოსპეს, იპარავდნენ ფულს, „თალიბები“ გამოვიდნენ თუ არა იატაკქვეშეთიდან, 300 000-იანი ჯარი დაიშალა. ეს რას ნიშნავს: – შეშინდნენ? არა, ადრევე ჰქონდეთ კონტაქტი „თალიბებთან“. მათ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ განავითარეს. ეს 260 მილიარდი რომ ჩაიდო, შედეგი ვერ დადგა. ეს არ არის ქვეყანა, რომლიდანაც აშშ-ს , ინგლისს და საფრანგეთს შეიძლებოდა, რაიმე ეკონომიკური სარგებელი ენახათ.
ავღანეთში ვითარება მძიმეა. კიდევ უფრო დამძიმდება, ნურავინ ელის, რომ დალაგდება.
რომელიღაცა ქვეყანა ამ კონფლიქტის სათავისოდ გამოყენებას ეცდება. „თალიბებს“ საომარი მოქმედებები ვაჰაბისტებთან ექნებათ. აუცილებლად ექნებათ კონფლიქტები ირანსა და სირიასთან. ასე რომ, ჩვენ ამ რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ. აშშ, ინგლისი და საფრანგეთი გავიდნენ ავღანეთიდან და ერთმანეთის პირისპირ ისტორიულად და რელიგიურად ერთმანთთან დაპირისპირებული მხარეები დატოვეს. ახლა ლანძღავენ, რატომ გახვედიო. როცა იქ იყო, ეუბნებოდნენ, ოკუპანტი ხარო.
აშშ-ის გასვლა თურქეთის გააქტიურების პროცესმაც დააჩქარა. აშშ თვლის, რომ ისლამურ სამყაროში საკმაოდ სერიოზული, ძლიერი და გავლენიანი პარტნიორები დატოვა. ესაა თურქეთი, პაკისტანი და საუდის არაბეთი. მთელი თავისი აქცენტები ახლა ევროპამაც და აშშ-მაც აღმოსავლეთ ევროპაში გადმოიტანეს. ამის პირდაპირი მაჩვენებელია ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა. მათ სტრატეგიული პარტნიორების შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რაც რუსეთის მესიჯია, რომ უკრაინაზე თავდასხმა არც გაბედოს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, დაჯგუფება “თალიბანის” წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთის ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ მცირე ტექნიკურ დეტალები.
ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე თქვა.
მუჯაჰიდის განმარტებით, ავღანეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენი დღეში გამოცხადდება.
გასულ კვირას, ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქვეყნის ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები არ იქნებიან. მისივე თქმით, ქალებს სახელმწიფო უწყებებსა და პოლიციაში მხოლოდ თანაშემწეებად შეეძლებათ მუშაობა.