BBC: ავღანეთის კრიზისის ფონზე, დასავლური მედიების საიტებზე რუსული ტროლები გააქტიურდნენ
წამყვანი დასავლური მედისაშუალებების საიტებზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით, რომელშიც გამოიყენებოდა სტატიებს ქვემოთ კომენტარები რუსული ინტერესების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ BBC კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.
ანალიტიკოსების თქმით, ტროლების სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალების საიტი იყო, მათ შორის, ბრიტანული – Mail Online, Express და Times. ასევე, იყო აქტიური კამპანიები აშშ-ის სატელევიზიო არხზე Fox News-ზე, საფრანგეთში Le Figaro-ზე, გერმანიაში Der Spiegel-სა და Die Welt-ზე და იტალიურ La Stampa-ს საიტზე.
ორგანიზაციამ აღმოაჩინა 242 კომენტარი, რომელიც შეიცავდა პროვოკაციულ პრორუსულ ან ანტიდასავლურ კომენტარებს რუსეთის შესახებ სტატიების საპასუხოდ.
მკვლევრებმა გამოიყენეს ნიმუშის ამოცნობის ტექნიკა მკითხველის კომენტარების გასაანალიზებლად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი ანგარიში ორგანიზებულად აქვეყნებს კრემლის მხარდამჭერ კონტენტს.
აღმოჩნდა, რომ ერთმა ანგარიშმა გასული წლიდან 69-ჯერ შეიცვალა ადგილმდებარეობა და სახელი – 549-ჯერ.
მკვლევრებს მაგალითად Mail-ის ერთი მასალა მოჰყავთ ავღანეთში “თალიბანის” გამარჯვების შესახებ, რომელზეც 2500 კომენტარი იყო. ზოგიერთი მათგანი ორგანიზებული რუსული კამპანიის ნაწილი იყო.
მცირე რაოდენობის კომენტარების შერჩევის შემდეგ, რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: “ბრიტანელებმა ხელისუფლებაში “თალიბანის” მოსვლა დასავლური ცივილიზაციის დასასრულს შეადარეს”.
კარდიფის მკვლევრები ამბობენ, რომ რუსულ მედიაში უკანასკნელი 18 ისტორია დაიწერა ქაბულის დაცემაზე, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში მკითხველთა კომენტარებზე დაყრდნობით, რომელიც “გამყარებულია” რუსული “ზღაპრებით” ლიბერალური დემოკრატიის დასასრულის შესახებ, ნატო-ს წარუმატებლობაზე ან კავშირს ამყარებდა უკრაინის მხარდაჭერის სურვილით.
სტატიები გამოქვეყნდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ – ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, ბულგარეთში. შემდეგ ისინი დამატებით გავრცელდა სოციალურ მედიაში, მათ შორის, Telegram- ში.