“თალიბანი” დღეს პრეზიდენტის სასახლეში ახალ მთავრობას გამოაცხადებს

„თალიბანი“ დღეს ახალი მთავრობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„თალიბანის“ ოფიციალური პირის, აჰმადულა მუთაქის განცხადებით, ახალი მთავრობის გამოცხადების ცერემონია ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში იგეგმება.

როგორც მედია წერს, მმართველი საბჭოს ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ისლამისტური მოძრაობის ლიდერი, ჰაიბატულა ახუნძადა დასახელდება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი დაექვემდებარება.

„თალიბანის“ უმაღლეს ლიდერს სამი მოადგილე ჰყავს: მავლავი იაქუბი, მოძრაობის დამფუძნებლის – მოლა ომარის ვაჟი, სირაჯუდინ ჰაქანი და აბდულ ღანი ბარადარი.

ავღანეთის ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასა და ინვესტორთა მოზიდვაში.

„თალიბანი“ მმართველი საბჭოს მეშვეობით ავღანეთს 1996-2001 წლებშიც მართავდა, ვიდრე კოალიციური ჯარები შევიდოდნენ ქვეყანაში. მათი მმართველობა შარიათის მკაცრ წესებზე იყო დამყარებული. ამჯერად, მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მმართველობა ზომიერი იქნება და საერთაშორისო საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვასა და ძველი მტრების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისგან თავის შეკავებას ჰპირდებიან.

აშშ-სა და ევროკავშირში სკეპტიკურად არიან განწყობილნი მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ და აღნიშნავენ, რომ ახალი მთავრობის აღიარება მათი ქმედებების მიხედვით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები