სომხეთში კავასაკის სინდრომი 130 ბავშვს გამოუვლინდა, ერთი შემთხვევა ლეტალურია

სომხეთში, კოვიდ19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კავასაკის სინდრომი 18 წლამდე 130 ბავშვს გამოუვლინდა, მათგან ერთი ლეტალურია.

ამის შესახებ სომხურ გამოცემას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც გამოცემას ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა პედიატრმა, სერგეი სარგსიანმა განუცხადა, ლეტალური შემთხვევა რამდენიმე თვის წინ არის დაფიქსირებული. მისი თქმით, 17 წლის მოზარდში დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და, მკურნალობის მთელი სპექტრის მიუხედავად, მას არაკოტროლირებადი არითმია დაეწყო, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კავასაკის სინდრომი მძიმე დაავადებაა, ის სრულად განკურნებადია.

​კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის არტერიებს. ეს სინდრომი მხოლოდ ბავშვებს ემართებათ და პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდეა, თუმცა, სინდრომი კორონავირუსით დაავადებულ მოზარდებშიც იჩენს თავს. სინდრომის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა, ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები