მაკა ბოჭორიშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა და პოსტპანდემიურ პერიოდში საპარლამენტო დიპლომატიის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ამ კუთხი, ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალსა და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობაზე. მან ასევე აღნიშნა „ასოცირებული ტრიოს“ საერთო ევროპული მისწრაფებები და მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ერთობლივი მემორანდუმი.
შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს. თავის მხრივ, ინგრიდა ლევრენცემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ ლატვიის უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.