ნათელა იანქოშვილი – წმინდა ქართული და ამასთან საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენა
დღეს, 30 აგვისტოს შესრულდა 103 წელი დიდი ქართველი ფერმწერის ნათელა იანქოშვილის (1918–2007) დაბადებიდან.
იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, ვინც გაიმარჯვა საკუთარ თავზე, სასტიკ დროებაზე და შთამომავლობის ხსოვნას ხელოვნებისთვის შეწირულის სიმბოლოდ შემორჩება. რაც ყველაზე საგულისხმოა, მხატვრის სახელმა გახუნება და გაუჩინარება კი არ დაიწყო მისი ფიზიკური არყოფნის შემდეგ, არამედ მისი ხელოვნება გასცდა საქართველოს საზღვრებს, გამოიფინა ევროპისა და ამერიკის არაერთ მნიშვნელოვან არტფორუმზე, დაიბეჭდა სტატიები, გამოიცა კატალოგები და მონოგრაფიები გერმანულ
და ინგლისურ ენებზე. მხატვარს ურყევად სწამდა, რომ აუცილებლად დადგებოდა მისი ფართო
აღიარების ჟამი, კერძო საუბრებშიც ხშირად აღუნიშნავს: „მჯერა, დაემხობა ეს მახინჯი დრაკონი, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია და ჩემზე, როგორც გამორჩეული ხელწერის მხატვარზე სხვაგანაც გაიგებენ და
ალაპარაკდებიანო“.
იანქოშვილის გარდაცვალებიდან 14 წლისთავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახდა მხატვრის წინასწარმეტყველება. მომავალ ათწლეულში კი აშკარად მოიმატებს მისი ხელოვნების მიმართ ინტერესი და ყველაფერი მიანიშნებს, რომ იგი ფიროსმანის შემდეგ ყველაზე ცნობად და ანგარისგასაწევ ქართველ მხატვრად მოგვევლინება. მასში იმგვარი ძალა და სიახლეა დაუნჯებული, რაც მოითხოვს შემდგომ კვლევა-ძიებას და აღმოჩენას ქართველი თუ უცხოელი ხელოვნებათმცოდნეების მიერ.
ეს არის კოსმიური, რუსთაველის კვალზე შემდგარი მხატვარი, რომელიც ქმნის და თვალწინ გვიცოცხლებს „ვეფხისტყაოსნის“ ფერის ესთეტიკაზე დაფუძნებულ მშვენიერებას. რუსთველური ცნების, „მზიანი ღამის“ ფერწერული ამეტყველების ცდას რომელიმე სხვა ქართველ მხატვართან თქვენ ვერ შეხვდებით. რაც არის იანქოშვილის უნიკალური მიგნება და მისი ერთადერთობის დასტური. ეს აღმოჩენა იმსახურებს დიდ ყურადღებას, რაც წმინდა ქართული ფენომენია (რუსთაველით შთაგონებული) და ამასთან არის საკაცობრიო ხელოვნების ღირებული შენამატი, რომლის გაქვეყნებით და გახმაურებით ყველაზე მეტად საქართველო უნდა იყოს დაინტერესებული. ეს ის განძია, რაც ჩვენი ქვეყნის სახელს მსოფლიო მხატვრობის კაბადონზე გაცილებით მყარ ადგილს და მაღალ რენომეს განუმტკიცებს.
მართალია, მწერალ ნინო ხარატიშვილს უფრო ქართული მწერლობა ჰქონდა მხედველობაში, როცა 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა: „საქართველოს ძალიან ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი. ეს ისტორიები ტრაგიკულიცაა, ალბათ საშინელიც. ეს არის დაპყრობის ისტორიები, სიკვდილის ისტორიები, გადარჩენის ისტორიები, ომის და დაკარგვის ისტორიები, მწუხარების და უპერსპექტივობის ისტორია და ამასთანავე, იმედისა და შესანიშნავი ადამიანების ისტორია“.
თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას ქართულ მხატვრობაზე. ეს სიტყვები სავსებით შეესაბამება და გამოხატავს იანქოშვილის ხელოვნების არსსა და რაობას. ომის, დაპყრობის, სიკვდილისა და გადარჩენის ისტორიები ვერც სახვით ხელოვნებაში დაამკვიდრებდა უნაღვლო და განცხრომის ატმოსფეროს. სწორედ ამის გამოძახილია იანქოშვილის ფერწერის ერთგვარი სიმკაცრე და ტრაგიკული ზეიმურობა, თუმცა, სასოწარკვეთის და უიმედობის განცდას იანქოშვილთან მუდამ ჯაბნის განახლების სხივი და მაცოცხლებელი ენერგია, რაც არის ამ უძველესი და მუდმივად გადარჩენის ზღვარზე მყოფი ქვეყნის გაძლებისა და ჩვენამდე მოღწევის საიდუმლო.
ნათელა იანქოშვილს აუცილებლად ჩაუღრმავდებიან ხელოვნების მომავალი მკვლევრები და განცვიფრდებიან, თუ რა სიმაღლეს შესწვდა საბჭოთა ეპოქაგამოვლილი ხელოვანი თავისი მხატვრული სითამამისა და შემოქმედებითი თავისუფლების წყალობით. იგი ნამდვლად არის პროფესიული და მორალური გმირობის განსახიერება, რომლის შესახებ მსოფლიომ უკეთ უნდა უწყოდეს. ეს პროცესი 2012 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება უცხოელების, კერძოდ, გერმანელების მიერ. ვფიქრობ, აწ უკვე დადგა ჟამი, რომ ამ მხრივ თვით მხატვრის სამშობლომაც იგრძნოს ვალი და გარკვეული შრომა გასწიოს..
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან