ლერი ბარნაბიშვილი: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებაც ფერმერებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათ შეუმსუბუქდეთ სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგები

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი და ვერცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: დაზიანებული 1 კგ რქაწითელი – 0,80 ლარი და 1 კგ საფერავი – 1 ლარი;

ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სახელმწიფო საწარმოში „მოსავლის მართვის კომპანია“ სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ. აღინიშნა, რომ ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, 26 აგვისტოს, სტიქიის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ზარალის დათვლა დაიწყეს.

„დღეს უკვე დათვლილი გვაქვს სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგები. დაზიანებულია დაახლოებით 5 000 ჰა-მდე სავარგულები. ძირითადად, ეს არის ყურძნის კულტურა. პრემიერის დავალებით და მასთან შეთანხმებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაზიანებულ ყურძენს საწარმოები 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სტიქია იყო უპრეცედენტო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სეტყვისგან დაზარალებულ 5 მუნიციპალიტეტში, იმ ფერმერებზე, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, გაიცემა ერთჯერადი კომპენსაციები 3000 ლარის ოდენობით ჰექტარზე. სამინისტროსთან შეთანხმებით მოსახლეობა, რომელსაც გაუნადგურდა სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ჩაერთვება პროგრამაში „დანერგე მომავალი“ და მათ 100%-ით დაუფინანსდებათ ახალი ბაღების გაშენება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებაც ფერმერებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათ შეუმსუბუქდეთ სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგები“, – აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები