ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, კომპანიამ ქალაქ ზესტაფონის წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დაიწყო.
პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონმდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.
დღეის მდგომარეობით, ქალაქის ძირითადი ნაწილი წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკითა და საუბნო ჭებით სარგებლობს. არსებული მაგისტრალური მილი კი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა.
სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 25 000 ადამიანი 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.