ქაბულში დასაქმებული საქართველოს ორი მოქალაქე პოლონური ავიახაზებით ვარშავადან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც ქაბულში ბრიტანულ კომპანიაში იყო დასაქმებული, ვარშავადან პოლონური ავიახაზებით საქართველოში დაბრუნდა.

თვუთმფრინავი ვარშავადან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაეშვა.

„ოთხი წელია, ავღანეთში, ქაბულში ვმუშაობ ბრიტანულ კომპანიაში, კერძო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ყველანაირ ევაკუაციას. ჩვენი ჩამოსვლა მათ მიერ დაგეგმილი ევაკუაციით მოხდა. გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენმა ბრიტანულმა კომპანიამ, 15 აგვისტოს, ვიდრე თალიბანი დაიჭერდა კონტროლს ქალაქ ქაბულში, ჩვენც ქალაქში ვცხოვრობდით, მწვანე ზონაში, აქედან გამომდინარე, მივიღეთ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ უნდა გავაკეთოთ ევაკუაცია, დავტოვოთ საცხოვრებელი ადგილი და შევიდეთ ნატო-ს უახლოეს სპეციალურ ბაზაზე. ამის შემდეგ გამთენიისას, 04:00 საათზე ევაკუაციით შევედით ნატო-ს ბაზაზე, რამდენიმე საათში „თალიბანმა“ უკვე დაიჭირა მთელი ქალაქის კონტროლი. იმ დღიდანვე მოვიდნენ ჩვენთან ნატო-ს სპეციალური ქვედანაყოფის სამხედროები, ამერიკელები, ბრიტანელები, გერმანელები და ნატო-ს სხვა წევრი სამხედროები, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ თქვენ უკვე უსაფრთხოდ ხართ, აეროპორტიც იქვე არის, ეს იმას ნიშნავს, რომ აეროპორტში იმყოფებით თქვენ და აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში მოგიწევთ ევაკუაცია უახლოეს ქალაქში, ეს იქნებოდა ერაყი, ქუვეითი, ყატარი და ა.შ. ამის შემდეგ, უკვე დაახლოებით მესამე დღეს, ავღანეთში გერმანული სპეცსამსახურები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უკვე თქვენი ევაკუაცია უნდა შესრულდეს და გააკეთეს ჩვენი ევაკუაცია“, – აღნიშნა სამშობლოში დაბრუნებულმა მოქალაქემ, ზაურ ჯაყელმა.

მისივე თქმით, მათი ევაკუაცია დამსაქმებელმა, ბრიტანულმა კომპანიამ უზრუნველყო, ამასთან, როგორც ჯაყელმა აღნიშნა, მათთან მუდმივ კავშირზე იყვნენ საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებიც.

ზაურ ჯაყელის განცხადებით, მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ავღანეთში დასაქმებულ საქართველოს იმ მოქალაქეებთანაც, რომლებიც სამშობლოში უახლოეს საათებში დაბრუნდებიან.

„რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებას, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რომ კავშირზე გამოდიოდნენ, შემეხმიანენ იმ დღიდანვე, თუ რითი შეეძლოთ დახმარება, მაგრამ ჩვენ უკვე ევაკუაციის სიაში ვიყავით და ვიცოდით, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევდა საქართველოში ჩამოსვლა. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია, დანარჩენი ქართველები, ვინც დარჩენილი იყო, ყოველთვის გვქონდა კონტაქტები, ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა. როდესაც მოხდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება გვქონდა და ბოლოს უახლოესი კონტაქტი, როდესაც ბოლოს ვიყავით გერმანიაში, გუშინ, ისინი უკვე ტოვებდნენ ქაბულის ტერიტორიას და გადაადგილდებოდნენ დუბაიში, უახლოეს საათებშიც ის 16 სამოქალაქო კონტრაქტორიცჩამოვა საქართველოში“, – განაცხადა ჯაყელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები