საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 95 228.10 მ3 სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში). აღნიშნული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ქვიშა-ხრეში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებისგან, სხვადასხვა ადგილზე, რითიც შენიღბა უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის წარმომავლობა და ნამდვილი ბუნება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 95 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები