მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ
თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას ადგილზე უზრუნველყოფენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს კასპის რაიონის სოფლების – ლამისყანისა და ქვემოჭალის მოსახლეობა აიცრა. ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო – სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.