Bloomberg-მა “თალიბანისა” და აშშ-ის მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროვა

“თალიბანის” მიერ ავღანეთის დაპყრობამდე რამდენიმე კვირით ადრე, დოჰაში აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობდა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებში, ამერიკელი დიპლომატების გარდა, მონაწილეობდნენ “თალიბანისა” და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

 

შეხვედრების დროს მხარეები პირობითად ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ განი გადადგომის შესახებ განაცხადებდა, რის შემდეგაც  გარდამავალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო, რომელშიც უნდა შესულიყო ყოფილი პრეზიდენტი – ჰამიდ ქარზაი “და სხვა ამჟამინდელი და ყოფილი ჩინოვნიკი”.

 

Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ავღანეთის გავლით “თალიბების” შეუფერხებელი წინსვლა და ქაბულის შემდგომი დაკავება მოულოდნელი იყო “თალიბანის” წევრებისთვისაც კი, ხოლო განის გაქცევამ სამივე მხარე გააკვირვა და წინასწარ შეთანხმებას წერტილი დაუსვა.

 

Bloomberg-ის​ ცნობით, ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის ელჩი, ზალმაი ჰალილზადი, რომელიც წარმოადგენდა შეერთებულ შტატებს ყატარში გამართულ მოლაპარაკებებზე, ჯერ კიდევ დოჰაშია და ცდილობს, იპოვოს ახალი გზები ავღანეთის დედაქალაქში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

წყაროების თანახმად, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალ მთავრობაში მშვიდობიანი გადასვლის საკითხს, რომელშიც უნდა შევიდეს ავღანური საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და არამხოლოდ “თალიბანის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები