ავღანეთიდან 2200-ზე მეტი დიპლომატისა და სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოხერხდა

ავღანეთიდან 2200-ზე მეტი დიპლომატი და სამოქალაქო პირია ევაკუირებული.

ამის შესახებ Reuters-ს ერთ-ერთი დასავლეთის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

ათასობით ავღანელი, რომელთა უმეტესობა ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის მეთაურობით უცხოურ ძალებთან, “თალიბანის” მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

”ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ძალიან სწრაფად, ამ დროისთვის ლოჯისტიკაში არანაირი შეფერხება არ არის და შევძელით 2200-ზე მეტი დიპლომატიური პერსონალის, უცხოეთის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისა და ავღანელების გაყვანა, რომლებიც საელჩოებში მუშაობდნენ”, – თქვა წყარომ.

მისი თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, როდის განახლდება სამოქალაქო ფრენები ქაბულში.

ამასთან, უცნობია, მოიცავს თუ არა ეს მონაცემი იმ 600 ავღანელ მამაკაცს, ქალსა და ბავშვებს, რომლებმაც 15 აგვისტოს ქვეყნის დატოვება აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით შეძლეს.

“თალიბანმა” ქაბული 15 აგვისტოს დაიკავა.

16 აგვისტოს ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს აკონტროლებენ, იძულებულნი გახდნენ, ფრენები შეეწყვიტათ მას შემდეგ, რაც ათასობით შეშინებული ავღანელი აეროდრომისკენ წავიდა.

თუმცა, 17 აგვისტოს ფრენები განახლდა, რადგან სიტუაციის კონტროლზე აყვანა მოხერხდა.

ევაკუირებულთა შორის ასევე არის 21 წლის ბრიტანელი სტუდენტი, რომელიც ავღანეთში დასასვენებლად იყო ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები