ირაკლი ღარიბაშვილი: ამ გახსნებით და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპებით, ჩვენი მოსახლეობა დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილებს, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი არის ვაქცინაცია
“ამ გახსნებით და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპებით, ჩვენი მოსახლეობა დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება.
„გასულ წელს პანდემია იყო. რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ ძალიან რთული იყო ეს პერიოდი. ქვეყანა იყო ჩაკეტილი, ტურისტები არ შემოდიოდნენ და ზოგადად, დაკეტილი იყო სასტუმროები და ა.შ. ყველაფერი. ვიცი, რომ ძალიან გაუჭირდა ჩვენს ხალხს. წელს ეტაპობრივად დავიწყეთ გახსნები, დაახლოებით 5-6 თვის წინ, მოვხსენით რეგულაციები, რამაც, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, წაახალისა ეკონომიკის ზრდა. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა რეგიონში კი არა, მთელს მსოფლიოში. მე ვესაუბრები არაერთ ჩვენს კოლეგას, ვიცი რა ხდება ევროპაში, ზოგადად მსოფლიოში, როგორი ტენდენციებია. ასეთი ზრდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არის მართლაც გამორჩეული, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება. ამ გახსნებით და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპებით, ჩვენი მოსახლეობა დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილებს. მე ვიცი, რომ ტურისტებით სავსე არის თითქმის ყველა სასტუმრო და ძალიან ბევრი ტურისტი არის შემოსული აჭარაში და მაგალითად ქობულეთში, კონკრეტულად ქობულეთზე რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ადამიანი ისევ დაუბრუნდა თავის სასტუმროებს, რესტორნებს, გახსნეს თავიანთი კომერციული ობიექტები და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, იქმნება დოვლათი და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობის. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს მოქალაქეებზე. მაგრამ, მეგობრებო, გულახდილად და გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, დამეთანხმებით. ეს რომ შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთის მხრივ, პანდემია და მეორეს მხრივ, პანდემიის მართვა, ეს უსასრულობამდე არ შეიძლება გაიწელოს, მთავრობას აქვს შეზღუდული რესურსი, ამ შემთხვევაში. რამდენჯერ შეიძლება მთავრობამ ჩაკეტოს და გაამკაცროს რეგულაციები და შეზღუდვები. ეს შეიძლება იყოს დროებითი ღონისძიებები. მუდმივად ხომ ვერ ჩავუკეტავთ ჩვენს მოსახლეობას და ბიზნესს და ეკონომიკას ვერ გავაჩერებთ. შარშან რომ ჩავკეტეთ, შემდეგ 3 მლრდ. დოლარი საგარეო ვალის აღება დაგვჭირდა. წელს, მეგობრებო, იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და 6 თვეში გვაქვს 12.7% ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ გვქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. „ახლა როგორ შევინარჩუნოთ ეს ტემპი და ტენდენცია, რომელიც არის ძალიან პოზიტიური. ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი არის სწორედ ვაქცინაცია. მე დავღალე ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს ამის საჭიროება და აუცილებლობა, იმიტომ, რომ ვაქცინაცია, რომელიც არის გამოგონებული, შექმნილი, მეცნიერების მიერ, საუკეთესო მეცნიერების მიერ მსოფლიოში, არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დაგვამარცხებინებს ჩვენ, თქვენთან ერთად, პანდემიას და შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნის. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. შემოვიტანეთ საუკეთესო ვაქცინები. მოსახლეობას აქვს ფართო არჩევანი, მიიღოს მაგალითად ახალი თაობის ვაქცინა, როგორიც არის „ფაიზერი”, „ასტრაზენეკა”, თუ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინა, როგორიც არის „სინოვაკი” და „სინოფარმი”, რომლითაც მსოფლიოში უკვე მილიარდობით ადამიანია აცრილი. ეს ყველაფერი გამოცდილია, აპრობირებულია და ამას ზედმეტი ეჭვის თვალით ყურება არ სჭირდება, რომ მივუდგეთ ამ საკითხს გონივრულად და პრაგმატულად. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ჩვენ, ყველანი, მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ და ამით ვიჩენთ და ვაძლევთ მაგალითს სხვებს. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება არაერთი საშუალებით, იქნება ეს ტელევიზია, სხვადასხვა საშუალება, სოციალური მედია თუ სხვა, მაგრამ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და სხვას არავის. მთავარი არგუმენტი, რაც გვაქვს, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, მეგობრებო. არავინ არ იცი, როგორ განვითარდება ესა თუ ის დაავადება, ქრონიკული, თუ ა.შ. დამალული ამა თუ იმ ადამიანში, ვინაიდან, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და ამა თუ იმ ადამიანში, სხვადასხვანაირად, ინდივიდუალურად ვითარდება აღნიშნული ინფექცია. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და მართლაც, არ წარმოვჩინდე ჯანდაცვის ექსპერტად, ვინაიდან ძალიან დილეტანტი ვარ, თუმცა მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ამ შემთხვევაში, მითუმეტეს ჩემი პოზიციიდან, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებს ველაპარაკო ამის აუცილებლობასა და საჭიროებაზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.