ევროპარლამენტში შიშობენ, რომ ავღანეთში რუსეთისა და ჩინეთის გავლენები გაძლიერდება
ევროპარლამენტში შიშობენ, რომ ავღანეთში, ნატო-ს ჯარების გაყვანის შემდეგ, რუსეთისა და ჩინეთის გავლენები გაიზრდება.
როგორც ევროპარლამენტის ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ახალი სტრატეგია ავღანეთსა და მთელს რეგიონში, ახალი გარემოებების გათვალისწინებით იმის გამო, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შეიძლება, სწრაფად სცადონ პოლიტიკური ვაკუუმის შევსება”.
ევროპარლამენტარების აზრით, პაკისტანს, ირანსა და ინდოეთს უნდა მოუწოდონ ავღანეთში კონსტრუქციული როლის შესასრულებლად.
“კრიტიკული და დრამატული” სიტუაციის ფონზე, მათ ასევე მოუწოდეს ყველა მხარეს, უზრუნველყონ ავღანეთიდან უსაფრთხო და მოწესრიგებული ევაკუაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელებისა, რომელთაც სურთ ქვეყნის დატოვება.
”ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვიღებთ მათ წინაშე, ვინც მუშაობდა ევროკავშირის სტრუქტურებზე, ნატო-ს პარტნიორებსა და საერთაშორისო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ჰუმანიტარულ ძალისხმევას უმაღლესი პრიორიტეტი აქვს.
“ევროკავშირი, სხვა პარტნიორებთან ერთად, სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში, რომელიც გამოწვეულია კონფლიქტით, სამოქალაქო მოსახლეობის გადაადგილებით, საკვების უკმარისობით, გვალვებითა და COVID-19 პანდემიით. ახალი მიგრაციის კრიზისის არიდება ჩვენს ინტერესებშია”, – ნათქვამია განცხადებაში.