ჯო ბაიდენის განცხადებით, ის მტკიცედ დგას გადაწყვეტილებაზე, რომ ავღანეთიდან ჯარები უნდა გაეყვანა

პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის წინაპირობა გაიხსენა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის მტკიცედ დგას მის გადაწყვეტილებაზე, რომ ავღანეთიდან ჯარები უნდა გაეყვანა.

„მინდა ყველას შევახსენო, იქ როგორ აღმოვჩნდით. ჩვენ ავღანეთში თითქმის 20 წლის წინ შევედით ცხადი მიზნებით – ალ-ქაიდას არ გამოეყენებინა ავღანეთი თქვენზე ხელახლა თავდასხმისთვის ბაზად. ჩვენ ეს გავაკეთეთ. როდესაც თანამდებობა დავიკავე, პრეზიდენტ ტრამპს უკვე მოლაპარაკებები ჰქონდა გამართული თალიბანთან. მისი შეთანხმების თანახმად, ამერიკული ჯარები ავღანეთიდან 2021 წლის 1-ელი მაისისთვის უნდა გასულიყვნენ. მხოლოდ სამი თვის შემდეგ, რაც მე თანამდებობა დავიკავე. ტრამპის მმართველობის პირობებში ამერიკული ჯარები ქვეყანაში უკვე შემცირდა 15 500-დან 2 500-მდე.

არჩევანი, რაც მე როგორც თქვენს პრეზიდენტს მქონდა, იყო ან შემესრულებინა ეს შეთანხმება, ან თალიბანთან ბრძოლას დავბრუნებოდი. 1-ელი მაისის შემდეგ აღარ იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენს ძალებს არ დაიცავდა არანაირი შეთანხმება. არ იქნებოდა სტატუს-კვო და სტაბილურობა 1-ელი მაისის შემდეგ. მხოლოდ მკაცრი რეალობა. ან შევასრულებდი შეთანხმებას და გამოვიყვანდი ჯარებს, ან კონფლიქტის ესკალაცია მოხდებოდა და კიდევ ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს გავგზავნიდით ავღანეთში და ახალ ათწლეულს დავიწყებდით ომისა. მე მტკიცედ ვდგავარ ჩემ გადაწყვეტილებაზე – გამოვიყვანო ამერიკული ჯარები ავღანეთიდან“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ფრთხილად აწონ-დაწონა რისკები, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ აღიარებს, რომ ადგილზე სიტუაცია უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე მოელოდა.

„20 წლის შემდეგ, მე რთული გზით გავიაზრე, რომ არასოდეს ყოფილა კარგი დრო აშშ -ს ძალების გაყვანისთვის. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ იქ ვართ. მე ნათლად ვაცნობიერებდი რისკებს, ჩვენ ვგეგმავდით ყველა გაუითვალისწინებელ გარემოებას, მაგრამ მე ამერიკელ ხალხს დავპირდი, რომ ყოველთვის პირდაპირი ვიქნებოდი. სიმართლეა ის, რომ ეს უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე მოველოდით“, – აღნიშნა ჯო ბაიდნემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები