ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, გვინეაში გამოვლენილი, მარბურგის ცხელების შეკავება, სავარაუდოდ, მოხერხდება.
ამის შესახებ ორგანიზაციის მრჩეველმა, ციურიხის ეპიდემიოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორმა, რობერტ შტეფენმა განაცხადა.
შტეფენი ადრე ორგანიზაციის ებოლას ცხელების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
გვინეაში 2 აგვისტოს მამაკაცი მარბურგის ცხელებისგან გარდაიცვალა, მასთან კონტაქტში მყოფ 4 პირს არავითარი სიმპტომები არ ჰქონია. ასევე, მიმდინარეობს 145 კონტაქტზე დაკვირვება.
“იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილ პაციენტს სიმპტომები ჯერ კიდევ 25 ივლისს გამოუვლინდა და რომ საინკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს შემთხვევა აფეთქებას არ გამოიწვევს”, – თქვა პროფესორმა.
მარბურგის ვირუსული დაავადება, რომელიც ადრე იყო ცნობილი, როგორც მარბურგის ჰემორაგიული ცხელება, არის სერიოზული და ხშირად ფატალური შედეგის მქონე დაავადება. დაავადების საშუალო სიკვდილიანობა, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს.