ქვეყნები “თალიბანს” მიმართავენ, ხალხის უსაფრთხოება და ქვეყნიდან მათი მშვიდობიანი გაყვანა უზრუნველყონ – დოკუმენტს ხელს საქართველოც აწერს

მსოფლიოს ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც “თალიბანს” მოუწოდებენ, უზრუნველყონ ავღანელი ხალხის უსაფრთხოება და მშვიდობა ქვეყნის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ქვეყნიდან როგორც უცხო ქვეყნის, ასევე, ადგილობრივების გეგმაზომიერი გაყვანა, ვისაც ავღანეთის დატოვება სურს.

განცხადებას ხელს საქართველოც აწერს.

”უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმუშაობთ მის უზრუნველსაყოფად და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების უფლებას, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, გეგმაზომიერად შეუწყონ ამას ხელი. მათ, ვინც ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და ქვეყნის მასშტაბით ვითარებას აკონტროლებს, აქვთ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, დაიცვან ადამიანის სიცოცხლე და ქონება, დაუყოვნებლივ აღადგინონ უსაფრთხოება და სამოქალაქო წესრიგი. ავღანელებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ ტერიტორიის დატოვება, უნდა მიეცეთ ამის საშუალება; გზები, აეროპორტები და სასაზღვრო გადასასვლელები ღია უნდა იყოს; წესრიგი და სიმშვიდე კი – შენარჩუნებული.

ავღანელი ხალხი იმსახურებს, იცხოვროს უსაფრთხო, დაცულ და ღირსეულ გარემოში. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების წევრები მზად ვართ, დავეხმაროთ ამაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერი ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბელგია, ბურკინა- ფასო, კანადა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კოტ -დ’ივუარი, ჩეხეთი, დანია, დომინიკელთა რესპუბლიკა, სალვადორი, ესტონეთი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, მიკრონეზიის ფედერაციული შტატები, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, განა, გვატემალა, გერმანია, ჰონდურასი, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, ყატარი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მავრიტანია, მალტა, მარშალის კუნძულები, ნაურუ, ნიგერი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, კვიპროსის რესპუბლიკა, რუმინეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, სურინამი, ტოგო, ტონგა, უგანდა, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და შვედეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები