პრემიერმინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ვიცეპრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა რეინჯერებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად რეინჯერებისგან მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების რეინჯერების სახელფასო ანაზღაურება 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად იზრდებოდა, დღეისთვის კი თითქმის გასამმაგებულია. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მუდმივად ზრუნავს რეინჯერების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.

პატრულირების ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2019 წლიდან მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა – შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები.

პრემიერმინისტრმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მშენებარე სასტუმრო და კაფეტერია დაათვალიერა, რომლის ინვესტირებაშიც 2 მილიონი დოლარია ჩადებული.

პრემიერმინისტრთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში  – ირაკლი შიოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები