პრეზიდენტი: პარლამენტში მუშაობა გაგრძელდა მრავალპარტიულ ფორმატში, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
“ფაქტია, რომ პარლამენტში მუშაობა გაგრძელდა არა ერთპარტიულ ფორმატში, არამედ მრავალპარტიულ ფორმატში. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვერავინ თქვას, რომ საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო პროცესი არ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ჩემთვის პოლარიზების შემცირებაა, როდესაც ის, ვინც პარლამენტს გარეთ არის, შედის პარლამენტში. ყოველთვის არიან პარლამენტში ისეთი ძალები, რომლებიც პროვოკაციაზე შეიძლება წავიდნენ, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ამან არ შეაჩერა პარლამენტის მუშაობა. ქუჩაში ტემპერატურა ნამდვილად შემცირდა, ვერავინ იტყვის, რომ გამოდის 1000 კაცზე მეტი და ეს არის ტემპერატურის ძალიან სერიოზული დაწევა. შეთანხმებასთან დაკავშირებით ყველას საკუთარი პოზიცია აქვს და მე ვერ შევალ განხილვაში, ვინ არის მართალი და ვინ არა. ფაქტია, რომ პარლამენტში მუშაობა გაგრძელდა არა ერთპარტიულ ფორმატში, არამედ მრავალპარტიულ ფორმატში. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვერავინ თქვას, რომ საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო პროცესი არ მიმდინარეობს. ეს არის მთავარი ჩემთვის, თორემ იქნება პარტიებს შორის განსხვავებული მოსაზრებები, რაღაცაზე შეთანხმდებიან ან ვერა, ეს ნორმალური პროცესია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა