ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეფასდა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულება. მეოთხე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, ისევე როგორც ევროკომისიის მესამე ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულებას.
დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, მათ შორის: საზღვრის მართვის კუთხით არსებული რესურსების გაუმჯობესება; ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; წარმატებული თანამშრომლობა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და ევროკავშირში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხებზე; FRONTEX-თან განახლებული სამუშაო შეთანხმების ხელმოწერა; FRONTEX-თან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი ოფიცრების მივლენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში, ისევე როგორც FRONTEX-ის ოფიცრების რაოდენობის ზრდა; EUROPOL-ის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ევროპული ცენტრის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მონაწილეობა; სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების წარმატებული საქმიანობა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.