თეა წულუკიანი: ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არამარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა – ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს
“ლაშა ტალახაძემ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი!”,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
წულუკიანი ტალახაძეს ჩემპიონობას ულოცავს.
“ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა!
ჩვენ ყოველთვის გვყავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე გამორჩეულ ადგილს იკავებდნენ, ეპოქას ქმნიდნენ. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთია ლაშა ტალახაძე, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი მსოფლიო რეკორდის მფლობელი.
ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი!
ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არამარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ვულოცავ ლაშას და ვულოცავ სრულიად საქართველოს”,- წერს წულუკიანი.