ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ციფრული არქივის შექმნაზე მუშაობს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ არქივში დაცული მასალები უფრო მეტად დაცული და ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოებისათვის. ამის უზრუნველსაყოფად, სრულად დასრულდება გაციფრულების პროცესი, რაც ჩვენს ფონდს კიდევ უფრო დაზღვეულს და ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომს გახდის.
მინისტრის ინფორმაციით, ელექტრონულ არქივში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცემული ციფრული დოკუმენტები შეინახება, რომელთა ერთობლიობაც სახელმწიფოს სამართლებრივი ისტორიაა. ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე, ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.