იუსტიციის სახლი მომხმარებელს და ბიზნეს სექტორს მომსახურების სრულიად ახალ კონცეფციას შესთავაზებს
იუსტიციის სახლი მომხმარებელს და ბიზნეს სექტორს მომსახურების სრულიად ახალ კონცეფციას შესთავაზებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ასეთია პროექტი „პერსონალური ასისტენტი“, რომლის მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის დისტანციური კონსულტაციისა თუ მომსახურების უზრუნველყოფა იქნება.
„პერსონალური ასისტენტი“ სრულად ჩაერთვება დოკუმენტების მოწესრიგების პროცესში, გასწევს სრულფასოვან სამართლებრივ კონსულტაციას და მომხმარებელს საკითხის მოგვარების ალტერნატივებს შესთავაზებს. სერვისის მთავარი უპირატესობა ოპერაციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობა იქნება.
„პერსონალური ასისტენტი“ განსაკუთრებულად მოსახერხებელი იქნება იმ მომხმარებლებისა და ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო სერვისები შედარებით ხშირად, გაზრდილი შესაძლებლობებით ესაჭიროება (მაგალითად: სამშენებლო სექტორი, საადვოკატო ბიუროები, ბანკები და სხვა)”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.