საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვას აგვისტოს თვეში გეგმავს

საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „ლელო – საქართველოს პარტნიორობის” წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გეგმებით დაინტერესდა.

„ფრაქცია „ლელო – საქართველოს პარტნიორობა” ესწრება ბიუროს სხდომას მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც აიღო 19 აპრილის შეთანხმებით. ის ვალდებულებები, რაც აღებული გაქვთ ამ შეთანხმებით, აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილია კომისია და აგვისტოს შუა რიცხვებამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 შეხვედრა გაიმართება.
„საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზანია, მოხდეს იმ პროექტის სიღრმისეული განხილვა, რაც არის ინიცირებული და შემდეგ უკვე ამ განხილვის შედეგების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო რეფორმას თქვენ მხარი არ დაუჭირეთ”, – მიმართა სალომე სამადაშვილს შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება უნდა იყოს განხილვის, დისკუსიის შეჯერების შედეგი, ხოლო კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი, რომელიც ყველა ნორმატიულ აქტზე და მათ შორის ხელშეკრულებასა და რეგლამენტზე მაღლა დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები