გიორგი გახარია: ეს არის შიშის გამოხატულება – მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს

 

“ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება. აშკარა ხდება, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა”,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია ანალიზი. ფაქტია, რომ ეს ხელშეკრულება, ყველაფერთან ერთად, შედგებოდა რამდენიმე პრინციპული კომპონენტისგან: პირველი – სასამართლოს ნაწილი და ეს ხელისუფლებამ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა, გააგრძელა ქმედება და მეორე – 43%-იანი ზღვარი. ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება. აშკარა ხდება, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა. ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებსა და გადაწყვეტილებებში.

სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. სინამდვილეში კი აქ დღეებზეა საუბარი, ეს ხომ არ არის გრძელვადიანი პერსპექტივა. ფაქტობრივად სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ არის პარტიული ინტერესები წამოწეული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება, დანარჩენი ყველაფერი გადასაწყვეტია ჩვენი მოქალაქეების მიერ. მათი არჩევანი იქნება განმსაზღვრელი, მაგრამ ყველზე ცუდი რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს მმართველი ძალა და რას აკეთებს, უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებსაც აღარ ითვალისწინებენ. ეს შიშისგან მოდის“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები