განვიეს ხშირად აფრიკულ ვენეციას უწოდებენ. მეთევზეთა სოფელში, რომელიც ბენინის რესპუბლიკაში, ტბაზე მდებარეობს, ქუჩებს არხები წარმოადგენს, გადაადგილების ძირითადი საშუალება კანოეა, ხოლო ძირითადი საქმიანობა – მეთევზეობა და ტურიზმი. განვიეში, დღესდღეობით, 20 ათასამდე მოსახლეა. შორეულ წარსულში მათი წინაპრები დამპყრობლებისგან, რომლებიც მათ მონებად ჰყიდდნენ, მიუწვდომელ ადგილებში გარბოდნენ. ნაპირიდან 8 კილომეტრში მათ სახლები ბოძებზე ააგეს და დროთა განმავლობაში პატარა ქალაქიც წარმოიქმნა.
ფეხით მოსიარულეები ხის ტროტუარზე გადაადგილდებიან, რომელიც ქუჩების ჩაყოლებაზეა აგებული. მათი ძირითადი საქმიანობა ახლა, ასევე როგორც წარსულში, მეთევზეობაა. სოფელში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაა – ეკლესია, ფოსტა, ჯიხურები, სადაც სასმელი წყალი იყიდება, მაღაზიები, სუვენირების დახლები, რესტორნები და ბარები. მიწის ერთ-ერთ პატარა ნაგლეჯზე სკოლაცაა აშენებული, მეორეზე კი, ფერმერები საქონელს ზრდიან, ძირითადად, ქათმებსა და ღორებს.
მიწა და სამშენებლო მასალები მამაკაცებს საკუთარი ნავებით ჩამოაქვთ. მოყვანილ მოსავალს ქალები მოტივტივე ბაზრობებზე ჰყიდიან ან ცვლიან. მეთევზეობის შემდეგ მათი პირველი საქმიანობა და შემოსავლის წყარო უცხოელი ტურისტების მიღებაა. მათთვის იქ ჩასვლა არც თუ ისე იაფია. მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტურისტები განვიეში ვეღარ ჩადიან, შესაბამისად, ადგილობრივების ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა, მაგრამ ისინი ფარ-ხმალს არ ყრიან და თავი საკუთარი შრომით გააქვთ. მათი ძირითად პრობლემას, ისევე როგორც სხვა აფრიკულ ქალაქებსა და სოფლებში, სასმელი წყლის დეფიციტი წარმოადგენს.