დავით ქართველიშვილი: დღეს ქვეყანა რეალურად ვითარდება სტაბილურ საკონსტიტუციო გარემოში, რაც მმართველი სახელისუფლებო გუნდის დამსახურებაა და ამის უარყოფა ქვეყნის ყველაზე “დაუძინებელ მეგობარსაც” კი გაუჭირდება
“მოქმედ კონსტიტუციაში ძირითადი ცვლილებები განხორციელდა 2004, 2010, 2013, 2017 და 2018 წლებში – 2018 წლის შემდეგ ახალი ცვლილებები აღარ განხორციელებულა. სწორედ ამ პერიოდიდან კონსტიტუციამ უფრო სტაბილური და ფუნდამენტური ხასიათი მიიღო, მისი ძირითადი სტრუქტურა დასრულებულად იქნა მიჩნეული”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილის განცხადებით, საქართველო დღეს ვითარდება სტაბილურ საკონსტიტუციო გარემოში, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
„პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის გადაწყვეტილებაზე, 1995 წელს დავბრუნებულიყავით საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად, ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ იქონია საბედისწერო გავლენა: ქვეყნის კონსტიტუციის მიღება და ეროვნული ვალუტის შემოღება – ეს იყო ჩვენს უახლოეს ისტორიაში ჩვენი სახელმწიფოებრივი წინსვლის ურთულესი პერიოდის ორი ათვლის წერტილი.
თანამედროვე საქართველოს კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ. ეს დოკუმენტი გახდა ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იანი წლების ომების შემდეგ. 1995 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ ქვეყანამ რამდენიმე პოლიტიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა:
1995–2004 წ.წ.— პირველი ეტაპი. კონსტიტუცია მოქმედებდა რთულ შიდა პოლიტიკურ პირობებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე. მართვის სისტემა საპრეზიდენტო იყო
2004–2010 წ.წ. — „ვარდების” გადატრიალების (2003 წ.) შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაძლიერდა: 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი იქნა სერიოზული ცვლილებები, რომლებიც ამკვიდრებდა ავტორიტარულ მმართველობას და პრეზიდენტის პირადი ძალაუფლების გაძლიერების ინსტიტუტს
2010–2013 წ.წ. — 2010 წელს მიღებულმა ცვლილებებმა საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო- საპრეზიდენტო რესპუბლიკას. ეს რეფორმა ძალაში შევიდა 2013 წლის არჩევნების შემდეგ, რის შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა, ხოლო მთავრობის როლი გაძლიერდა
2017–2018 წ.წ. — დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმის ახალი ეტაპი: 2017 წელს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც საბოლოოდ ამკვიდრებდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, აუქმებდა მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს (ეს ცვლილებები ძალაში შევიდა 2018 წელს)
ანუ მოქმედ კონსტიტუციაში ძირითადი ცვლილებები განხორციელდა 2004, 2010, 2013, 2017 და 2018 წლებში – 2018 წლის შემდეგ ახალი ცვლილებები აღარ განხორციელებულა. სწორედ ამ პერიოდიდან კონსტიტუციამ უფრო სტაბილური და ფუნდამენტური ხასიათი მიიღო, მისი ძირითადი სტრუქტურა დასრულებულად იქნა მიჩნეული. მას შემდეგ, საქართველოს კონსტიტუცია: წარმოადგენს სახელმწიფოს მთავარ კანონს; ამყარებს პარლამენტური რესპუბლიკის მოდელს; უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილებას და ადამიანის უფლებების დაცვას; ითვლება უცვლელ ძირითად პრინციპებში: ქვეყნის მმართველობის ფორმის შეცვლა ან მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი. დღეს ქვეყანა რეალურად ვითარდება სტაბილურ საკონსტიტუციო გარემოში, რაც მმართველი სახელისუფლებო გუნდის დამსახურებაა და ამის უარყოფა, ქვეყნის ყველაზე “დაუძინებელ მეგობარსაც” კი გაუჭირდება“, – წერს დავით ქართველიშვილი.