ამირან გამყრელიძე: საწოლფონდის რესურსი რთულად, თუმცა ჯერჯერობით გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით აქვს.
მისივე თქმით, საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმიური სერვისები, შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება.
„დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმიური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.