შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ ეს იყო აგრესია თინა ბოკუჩავასგან, სხვა შემთხვევაში, მანდატურები მას არ შეაკავებდნენ
ფ”აქტია, რომ ეს იყო აგრესია თინა ბოკუჩავასგან. სხვა შემთხვევაში, მანდატურები მას არ შეაკავებდნენ. მანდატურებმაც დაინახეს, რომ ეს იყო აგრესიის აქტი და ცდილობდნენ მის შეკავებას. ამაზე რეაგირების არა თუ უფლება აქვთ დეპუტატებს, ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დეპუტატებს მანდატურის ფუნქციის შეთავსება უწევთ, რადგან მათი რაოდენობა არ არის საკმარისი დებოშის და ძალადობის გასამკლავებლად.
„აქ საქმე გვაქვს ძალადობასა და აგრესიასთან. იმ შემთხვევაში, რომ ერთი დეპუტატი მეორისკენ აგრესიულად მირბოდეს, რა უნდა ქნას სხვა დეპუტატმა, დავდგეთ და დაველოდოთ, მანდატური როდის მოვა? ამაზეა საუბარი – ჩვენი მორალური ვალდებულებაც არის ჩარევა და ჩემი მხრიდან ეს იყო ყველაზე სუსტი ჩარევა, მე ქალბატონი თინა იმ ადგილს უბრალოდ გავარიდე, საიდანაც ცდილობდა სპიკერატში შეჭრას. კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ გარემოების გამო, მაგრამ ამ სიტუაციაში დამნაშავე არის თავად თინა ბოკუჩავა. ის იყო აგრესორი, მანდატურები მას აკავებდნენ დ არა მე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის ხელში აიყვანა და ადგილიდან გაიყვანა.