გიორგი კეკელიძე: ზაზა გახელაძის შვილებს ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ – განათლებით დავძლევთ ოკუპაციას!
22 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია. მის შვილებს, ანანოსა და მარიამს, დაპირებისამებრ, ბიბლიოთეკა მოუწყვეს. გოგონები „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიატები არიან.
„ქვემო ჭალაში ჩავედით – ზაზა გახელაძესა და მის საოცარ ოჯახს გათავისუფლება მივულოცეთ. კიდევ – ანანოსა და მარიამს დაპირებული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ეს გოგონები მაისიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან. დღეს გადავწყვიტეთ და მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. განათლებით დავძლევთ ოკუპაციას“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე.