მელია და ხოშტარია – როდის გახდება “ნაცმოძრაობის” საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი
იქნება თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცემერის კვოტა „ევროპულ საქართველოს“? – “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.
„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე – საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.
ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, – განაცხადა ბოკერიამ.