რატი ბრეგაძე პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, რანდელ ბაროუზს შეხვდა. შეხვედრაზე პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ მიდგომებზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უწყების მთავარ პრიორიტეტს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გარდა ამისა, სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის უფლებების დაცვა, პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ევროპული ტიპის ახალი ციხეების მშენებლობა და სხვა.
შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა რანდელ ბაროუზს, მის გუნდსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოს პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების უწყვეტი მხარდაჭერისთვის.