“ვიცი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, ბევრს სურს, რომ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება – გადადგეს მთავრობა, იყოს ქაოსი, არეულობა, დესტრუქცია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ეხებოდა.
მისივე თქმით, მთავრობა პასუხს აგებს იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და განვითარება.
„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოება ამას ხედავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიაში, არამართლზომიერ ქმედებაში, დაისაჯოს სათანადოდ, ეს არის ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა. მე ვიცი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, ბევრს სურს, რომ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება, გადადგეს მთავრობა, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა, იყოს დესტრუქცია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ჩვენ დავგმეთ ძალადობა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.