„ოქტომბერი“ – ირმა შიოლაშვილის ახალი კრებულის წარდგენა
22 ივლისს, 19 საათზე, მწერალთა სახლში, ირმა შიოლაშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ოქტომბერი“ ირმა შიოლაშვილის მეექვსე წიგნია, რომელიც საქართველოში გამოიცა. კრებული ავტორის 2014-2020 წლების შემოქმედებას აერთიანებს.
„სამშობლო არც ჭეშმარიტებაზე მეტია, არც ნაკლები – ირმა შიოლაშვილის პოეზიაში ის ჭეშმარიტების სინონიმია, რომელსაც მუდმივი ძიება და აღმოჩენა სჭირდება, რომელიც ყველაზე მყარი და ნამდვილია. ალბათ ამიტომაცაა ირმა შიოლაშვილის ლექსებში ძიების ვნება ასეთი მგზნებარე. ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ ამქვეყნად ძიების ყველა ფაბულა საკუთარი თავის ძიების იდეამდე დადის, ირმას პოეზიაც ამ მაძიებლური ეპოსის ნაწილად წარმოგვიდგება“, – ნინო სადღობელაშვილი.
„ძველი ამბები მომავლიდან იკვებებიან და მისი ცხოვრებაც ერთი გრძელი სპირალია – ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული, მეორეთი კი ჭრელა-ჭრულა წარსულს!.. ბევრს ეხარბებოდა ლირიკული გმირის დაფუძნება გერმანიაში და მისი გარეგნულად ასერიგად აწყობილი რეალობა? დაე სცოდნოდათ, რომ – „თევზების“ გულისტკივილისა არ იყოს – კალაპოტში მოცურავე მდინარეს ყველაზე დაუმორჩილებელი თევზები აბარია, რომლებიც ცხოვრებას უსიტყვოდ უმწარებენ!..
და დაე სცოდნოდათ, რომ ძალზე ძნელია დაუმორჩილებელი თევზების მწყემსვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფსკერზე მფეთქავ სპირალს გარშემო უვლიან და ნანახსა და განცდილზე ვერ ლაპარაკობენ!.. მაგრამ მათ ნაცვლად პოეტი ამოთქვამს ამ ყოველივეს, ფსკერზე მფეთქავ სპირალს აქცევს ლირიკულ კრებულად და ოქტომბრის სიმბოლიკითა და შემოდგომის მზის მცხუნვარების გაელვებებითაც გათანგავს, გაელვებებით, ხელშესახებად რომ ათვალსაჩინოებს თითქოსდა სადღაც მიკარგულ წარსულს და ლირიკული ფიქრების მთავარ საყრდენად აქცევს“… – როსტომ ჩხეიძე.