ფოლკლორის ცენტრის ყოველწლიური ფესტივალი – „ხალხური საღამოები“ გრძელდება

ფოლკლორის ცენტრის ყოველწლიური ფესტივალი – „ხალხური საღამოები“ გრძელდება. ანსამბლმა „დიდგორმა“ კონცერტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა.
ფოკლორის ცენტრის ინფორმაციით, ჭანიეთის სკოლის ეზოში და შემოქმედში, ვარლამ სიმონიშვილის კარ-მიდამოში, 40 წლის შემდეგ – პირველად ქართული ხალხური სიმღერები ისევ გაჟღერდა. კონცერტზე თავი მოიყარა ყველა თაობის სტუმარმა, როგორც ადგილობრივმა, ისე სხვადასხვა ქალაქიდან, შესრულდა ხალხური სიმღერები და საგალობლები.
გივი აბესაძე, ანსამბლ „დიდგორის’’ წევრი:
„წლევანდელ ფესტივალს, განსაკუთრებული და განსხვავებული ფორმატი აქვს, რომელიც აღმოჩნდა ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური, ასეთ ბუნებრივ გარემოში, სოფლებში, ღია ცის ქვეშ კონცერტების ჩატარებით ვიპოვეთ ის ოქროს შუალედი, სადაც სასცენო გამოსვლა და ხალხთან ურთიერთობა კარგად იკვეთება ერთმანეთთან“.
საზაფხულო კონცერტები მესამე წელია გრძელდება. 2021 წლის „ხალხურ საღამოებში“ მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები