შალვა პაპუაშვილი: თუკი რამე იყო ძალადობა, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მიჭრა და სპიკერატის მისადგომთან ორ მანდატურთან ჭიდაობა
“თუკი რამე იყო ძალადობა, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მიჭრა და სპიკერატის მისადგომთან ორ მანდატურთან ჭიდაობა და დაუმორჩილებლობა, რომლებიც ამის აღკვეთას ცდილობდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველამ, მიუხედავად სქესისა, პატივი უნდა სცეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ელემენტარულ წესებს.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის ქცევის გამო ჩვენ გუშინაც და მანამდე სხდომაზეც, ფაქტობრივად, მანდატურის ფუნქციის შეთავსება მოგვიწია, რაც არავის სიამოვნებს.
ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ის უმსგავსობა, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე სხდომა ვხედავთ და რისი ტრადიციად დამკვიდრებაც “ნაციონალურ მოძრაობას” სურს, პარლამენტში ვერ დამკვიდრდეს. სპიკერატი არის თავმჯდომარის ადგილი, ტრიბუნა – მომხსენებლის.
ყველამ, მიუხედავად სქესისა, პატივი უნდა სცეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ელემენტარულ წესებს. ისტერიისა და წარმოდგენების ადგილი პარლამენტში არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის ადგილიდან გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.