„აქაურ პატარებს ქართული ავიწყდებათ, თეატრი ბევრ რამეში დაეხმარებოდა მათ“

შარშან, იტალიაში, ქალაქ ბარიში, ემიგრანტ შემოქმედთა დასმა დადგა სპექტაკლი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სპექტაკლი ასევე ემიგრანტი მწერლის, სალომე გოგოლაძის პიესის „ჩვენი მიწა – Terra Nostra“-ს მიხედვით წარმოადგინეს მოყვარულმა მსახიობებმა, იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ მწერალ სალომე გოგოლაძეს.

– როგორ დაიბადა სპექტაკლი… ვიცი, რომ სპექტაკლზე მუშაობის დროს ძალიან ბევრი სირთულე შეგხვდათ….
– სირთულე, მართლაც, მრავალი შეგვხვდა.
სპექტაკლის იდეა ჩემი იყო. როდესაც დაიბეჭდა ჩემი მოთხრობების კრებული ,,მგლის ცოლის ჩანაწერები“, აქ, იტალიაში, წარდგენა მინდოდა. მოგეხსენებათ, პროზა მსმენელისთვის  რთული მოსასმენია, ამიტომ ასე მოვიფიქრე – მოთხრობების მიხედვით სცენარი დამეწერა. ამასთან, სპექტაკლის დადგმის იდეაც დამებადა.
მაშინვე ჩემს მეგობრებს გავაცანი, აიტაცეს იდეა და შემდეგ მოვძებნე მოყვარული მსახიობები ემიგრანტებში.
რეპეტიციებს როგორ ატარებდით?

მთავარი როლის შემსრულებელი – მარიკა სამანიშვილი

– თითქმის ნახევარი წელი ვემზადებოდით პრემიერისთვის. სპექტაკლზე მუშაობა რთული იყო, რადგან არაფერი არ გვქონდა, ჩატში გავდიოდით რეპეტიციებს, ოთახიც კი არავინ დამითმო, ერთი ქალბატონის გარდა, მან ძველი სარდაფი მოგვცა და იქ ვიკრიბებოდით.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირა მოვახერხე  რეპეტიციები.
შემსრულებლები სცენაზე პირდაპირ გავიდნენ, რადგან არც სცენაზე  რეპეტიციის გავლის საშუალება იყო.
მოკლედ, ასე შედგა მაშინ წიგნის წარდგენა და სპექტაკლი. სიმართლე გითხრათ, არავინ მოელოდა, რომ მაინც ასე კარგად ჩაივლიდა სპექტაკლი.
მას მერე დაიწყო პანდემია. ბევრი საინტერესო გეგმა მქონდა და ვეღარ განვახორციელე.
ამ სპექტაკლ  მნიშვნელობაზე რას იტყოდი?
– როგორც ვიცი, ემიგრანტების თეატრი ჩვენ გარდა სხვაგან არ არის… არც ყოფილა მოყვარულ ემიგრანტთა თეატრი.
მე ამ ყველაფრის თაობაზე პროექტი დავწერე და გავაგზავნე კულტურის სამინისტროში, რომ რაიმე ფართი გამოეყოთ ჩვენთვის.
გამომეხმაურა სამინისტრო, მაგრამ საკვირაო სკოლებს მიანიჭეს უპირატესობა მაშინ.
– ანუ საქართველოდან არანაირი მხარდაჭერა არ გქონიათ?
 იდეა მოეწონათ,  დამირეკეს, გამესაუბრნენ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ საკვირაო სკოლები უფრო გვჭირდებაო. მე მაინც დავდგი სპექტაკლი დიდი წვალებით, მაგრამ არც საელჩო, არც არავინ არ გამომხმაურებია. ძალიან მინდოდა, საელჩოდან მაინც ვინმეს ენახა,
მაგრამ, სამწუხაროდ, საერთოდ არავინ დაინტერესებულა, არადა ზოგჯერ ისეთ უაზრობებს აფინანსებენ… მრავალი წინააღმდეგობა დავინახე, თითქოს იგნორირებას მიკეთებდნენ. სიმართლე ესაა.
ახლა არ გრძელდება სპექტაკლებზე მუშაობა?

ირმა ბაზერაშვილი და ჯანინა ხერგიანი

– ვერა, პანდემია დაიწყო…  2020 წლის 6 თებერვალს იყო პრემიერა, მერე განმეორებით კიდევ გვინდოდა სპექტაკლის დადგმა, მაგრამ უკვე დაიკეტა ყველაფერი.
– კარანტინი რომ არ დაწყებულიყო, გააგრძელებდით ხომ?
– რა თქმა უნდა. ისეთი შემართული იყო ყველა, გვინდოდა ახლომახლო ქალაქებში გასვლა ქართველ ემიგრანტებთან.
ვინც ნახა, უემოციოდ ვერ უყურა. ამ სპექტაკლში ხომ  ჩვენი ნამდვილი ცხოვრებაა გადმოცემული.
არადა,  ასეთი სპექტაკლები როგორ სჭირდებათ ემიგრანტებს.
კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა სპექტაკლს, ეს პირველ რიგში დარბაზს ეტყობოდა…
ხალხი არ ელოდა, რომ არაპროფესიონალები ასე კარგად თამაშს შეძლებდნენ.  სპექტაკლში ხომ ყველა არაპროფესიონალი  მონაწილეობდა.
უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი ხედვით დადგმული პირველი სპექტაკლი იყო, რომელიც იტალიელმა ოპერატორმა გადაიღო.
არც კი ვიცი, როგორ მოვახერხე მაშინ ეს ყველაფერი, ამ საგიჟეთში, სადაც ვმუშაობთ ჩვენ – ემიგრანტები, ახლა რომ ვუფიქრდები, არცთუ იოლია.
– არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ დასს და მოყვარულ მსახიობებს…
– ამ სპექტაკლში მრავალი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინე.. განსაკუთრებით მთავარი როლის შემსრულებელი მარიკა სამანიშვილი, მინდა გამოვყო აგრეთვე დაცემული საქართველოს სახე, ირმა ბაზერაშვილი, იტალიელი ბებიის როლის შემსრულებელი – ნატალია შავაძე.. საოცარი ნიჭიერი ხალხია აქ, ემიგრაციაში…
ერთადერთი მამაკაცი გვყავდა – პაატა რევიშვილი, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ტექნიკური თვალსაზრისით და თავისი როლიც კარგად შეასრულა.
იტალიაში თუ ჰქონდა რამე გამოხმურება სპექტაკლს?
– არა, არ ჰქონია, რადგან ქართულ ენაზე დაიდგა… ერთადერთი იყო ის, რომ ჩემზე დაწერა ერთმა გაზეთმა.
მაგრამ თუნდაც ოპერატორს ვინც იღებდა, იმას ხომ მოეწონა?
– კი, ყველას მოეწონა. სიტყვიერად კარგი შეფასებები მივიღეთ.
სხვა იტალიელებიც ესწრებოდნენ, სადაც მუშაობდნენ, იმ ოჯახებიდან ზოგმა მოიწვია. მოკლედ, საინტერესო იყო, სპექტაკლთან ერთად ემიგრანტ ლანა ქიმაძის გამოფენაც გაიმართა. ნიჭიერი,  თვითნასწავლი მხატვარია. მან დატოვა იტალია, უკვე საქართველოშია.
– გვიამბეთ, თქვენი პიესის „ჩვენი მიწა – Terra Nostra“-ს  სიუჟეტზე…
– ამ პიესაში ჩემი ემიგრანტული ცხოვრების გზა არის ასახული… თითქმის ყველაფერი რეალობიდან მაქვს აღებული, სწორედ ამიტომ არის ასეთი ემოციური, რომ ყველა ემიგრანტის სათქმელს ვამბობ.
იცით, ძალიან ძნელია, ეს ყველაფერი საქართველოში აუხსნა ადამიანს, როცა უამრავი პრობლემის წინაშე დგას დღეს საქართველოს მოსახლეობა და ერთადერთ გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ხედავს. ვერ ეტყვი, რომ აქ უარესი ჯოჯოხეთია, აქ ჭაობია, სადაც ერთხელ თუ შეხვედი, გამოსვლა ძნელია…
რაში გამოიხატება აქ ყოფნის სირთულე, ეს ყველაფერი კარგად მაქვს გადმოცემული ჩემს სპექტაკლში… ემიგრაციას უამრავი წახნაგი აქვს, არის ისეთი თემები, რომლებზეც  ხმამაღლა არ საუბრობენ, უბრალოდ ეს მათ თვალებში ამოიკითხება.  საოცარი მზერა აქვთ  ემიგრანტ ქალებს, გახევებული, ტკივილშეყინული, ამას მხოლოდ ემიგრანტი თუ მიხვდება.. ჩემი პიესა არის ჩემი მოთხრობების ნაზავი, რომლიდანაც ამოვკრიფე პერსონაჟები და ასე შევკარი ერთი თემის გარშემო, რომელსაც ჰქვია ,,ჩვენი მიწა“.
– სამომავლოდ სპექტაკლებზე მუშაობა იგეგმება? მხოლოდ ბარიში თუ სხვა ქალაქებშიც აპირებთ გასვლას? რა დახმარება დაგჭირდება?
– ბევრი იდეა მაქვს. მინდა ბავშვებთან ვიმუშაო, რა თქმა უნდა, ამ დასთანაც მექნება გეგმები. სხვა ქალაქებში გასვლა ფინანსებს  უკავშირდება, თუმცა ბევრი ქართველია დაინტერესებული, სპექტაკლების ახლომახლო ქალაქებში ჩატარებით.
დახმარებას რაც შეეხება, ფართი დაგვჭირდება, რომ ელემენტარულად შეკრება შევძლოთ, მერე კი ინვენტარი სპექტაკლისთვის. ამ ფუფუნებაზე ვერც კი ვიოცნებებთ, მთავარი ახლა მშვიდობაა და იქნებ დარეგულირდეს ეს პანდემიის შემდგომი არეულობა.
კიდევ დავამატებდი – საქველმოქმედო კონცერტები დავიწყეთ, ვეხმარებით ავადმყოფებს საქართველოში, იქ სპექტაკლიდან სცენებიც გავითამაშეთ, განსაკუთრებუთ ბოლო ნაწილიდან, რაც უფრო ემოციურია, ეს სპექტაკლი თითქოს წინაწარმეტყველებასავით ახდა, ჩემ მიერ დადგმული დაცემული საქართველო დღევანდელ მდგომარეობას ასახავს..
დაბოლოს, სურვილები…
– მინდა, რომ ეს სპექტაკლი საქართველოში ჩამოვუტანო და ჩვენს ქვეყანას  ვაჩვენო ემიგრანტთა ცხოვრება.
სამომავლოდ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, გავაკეთებდი საბავშვო თეატრს, რაც აქ ძალიან საჭიროა, ქართული ავიწყდებათ აქაურ პატარებს, თეატრი ბევრ რამეში დაეხმარებოდა მათ, ასევე დროდადრო დასს  სხვა სპექტაკლებშიც ვათამაშებდი.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები