ირაკლი კირცხალია: პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება – ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა მიგრაციის თემაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა ექნებათ.

„მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება. ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი წლიური მოხსენებით. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე. ინტერპელაციის საკითხი შეეხება მიგრაციის თემას. ძალიან მნიშვნელოვან თემას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ – მთელს მსოფლიოში, ძალიან დიდ გამოწვევას, რასაც მიგრაცია წარმოადგენს.

გადავწყვიტეთ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, რომ გაგვეგზავნა რამდენიმე კითხვა, კერძოდ, 7 ძირითად მიმართულებაზე პრემიერ-მინისტრთან კითხვები გაგზავნილია, რაზეც ისაუბრებს ბატონი ირაკლი ოთხშაბათს, ინტერპელაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა ამ თემის ირგვლივ, რადგან როგორც ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის ის მუდმივი მანიპულაციები, ის მუდმივი კონსპირაციის თეორიები, ის მუდმივი სიცრუე ყველა თემის ირგვლივ“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი იყო სტატისტიკა, თუ რა ვითარებაა ბოლო 12 თვის განმავლობაში მიგრაციის კუთხით.

კირცხალიამ ასევე აღნიშნა, რომ 18 თებერვალს ფრაქცია „საქართველოს“ წევრების მიერ ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულია რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი. განსახილველი თემა სამინისტროს საქმიანობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები