„ვაჟა-ფშაველას საფლავთან თქმული“ – დიდი პოეტი 160 წლისაა

14 ივლისი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. მას დღეს 160 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დღის განწყობას სხვა ხიბლს მატებს ალაზა ხაიაურის ლექსი და სტრიქონები: „სადაც შენ დაგასაფლავებთ, ყველგან მთაწმინდა იქნება“!

 

 

 

 

ვაჟა-ფშაველას საფლავთან თქმული

ადექ, ჩარგალში წამოდი,
ჩამოჩვეულან ჯიხვები,
ლექსს იტყვი ულერწამოდა –
დავითოვ – დავიჭირხლები…
ხევებს ჩავყვებით ჩაუვალს,
სუნთქვა შესწყვიტონ ხრამებმა,
ბაგეს რომ გაშლი ფშავურად
მთებს გული მოეფხანება!
არ მოდიხარ და ვარ ეჭვით –
მითხარ მიზეზი ეგ თუა, –
რომ, ლომო, შენი მხარ-ბეჭი
ვერ დაეტევა მთებს შუა…
რომ ჩამქრალ თვალით ნაწვიმარ
ღელეს გზა გაუხშირდება,
რომ მთად ყოფნისთვის მთაწმინდას
შენი სიმაღლე სჭირდება,
და მინდა გითხრა ახლავე,
რაც მითხრეს გულის ფიქრებმა,
სადაც შენ დაგასაფლავებთ,
ყველგან მთაწმინდა იქნება!
ხმა გაგიწვდება ათას წელს,
დღეს კი მიწა გაქვს საფარი,
თუმც შენს გულ-მკერდს რომ გადასწვდეს
იმდენი მიწა სად არი…
ერთ თვალში ღამე ჩამდგარა,
ერთში მზის ნაღვერდალია,
საფლავში გვერდს თუ არ იცვლი,
მიწისძვრა მაშ რის ბრალია!
ძუძუ შეგერგო უვნებლივ
მთის ღალიანი ცურისა,
მგონია, შენ ხარ ბუნების
დაწყებაც-დასასრულიცა!
მთები ჰგავს დევთა მაყრობას,
და თვალს შენ ავლებ ელვიანს…
ვინ თქვას შენი ცის დაპყრობა
თვალიც ვერ შეგვიწვდენია!
დასცქერის ზეცა უკარო,
გალობენ ღრუბლის ბელტები,
ამოხეთქილო ვულკანო,
არასდროს გაგვინელდები!
მამულს კი ჩვენაც ვეზრდებით,
ჩვენც ვფიქრობთ ლაგამ-აღვირზე,
დღეს რას ფიქრობენ ეს მთები,
ადექ, ისევ შენ აგვიხსენ!
შენს კვალზე დავიგეშებით,
რომ სიმაღლეებს ვედაოთ,
ვერვინ თქვას საქართველოზე:
ეგ არი, ლომი კვდებაო!..

ალაზა ხაიაური

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები