გიორგი გახარია: შსს დოზირებაზე გვაწვდის ინფორმაციას, მათ ნათქვამ სიტყვას იმდენად ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან, მათ შორის, კანონი დაარღვიონ
“შსს დოზირებაზე გვაწვდის ინფორმაციას, ძალიან სამწუხაროა”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე და იმაზე, რომ ისინი ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებენ.
„მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, გამოძიება დასრულდეს. დოზირებაზე უწყება გვაწვდის ინფორმაციას, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩემთვის ერთ რაღაცას ნიშნავს. შსს-ს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება და იაზრებს, რომ ნდობა ინსტიტუტის სიტყვისადმი იმდენად ნაკლებია, რომ ისინი იძულებული არიან, კიდევ უფრო არ დამძიმდეს ეს ყველაფერი, ასე ნაწილ-ნაწილ მოგვაწოდონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას იმდენად ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან, მათ შორის, კანონი დაარღვიონ და საზოგადოებას ასე ნაწილ-ნაწილ შესთავაზონ, ეს სამწუხაროა. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე და იმაზე, რომ ისინი ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებენ“, – განაცხადა გახარიამ.