საქართველოს პრემიერმინისტრი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, ანარ კარიმოვს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერმინისტრმა ანარ ქარიმოვს აზერბაიჯანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და, თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერმინისტრის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
მინისტრმა კარიმოვმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა.
მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზაობა, მომავალშიც შეასრულოს მედიატორის როლი, რათა ხელი შეუწყოს დიალოგის პროცესს, რომელიც მიმართულია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.
საუბარი ასევე შეეხო კულტურის სფეროში ორმხრივი კავშირების განვითარებას. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის, განვითარებისა და რესტავრაციის სახელმწიფო სამსახურის უფროსი – აზად ჯაფარლი, ხოლო საქართველოს მხრიდან – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები