თამაზ გაიაშვილი: გამკვირვებია იმ ადამიანების, რომლებიც პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სწორ და ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახებ პოზიციას აკრიტიკებენ

გამკვირვებია იმ ადამიანების, რომლებიც პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სწორ და ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახებ პოზიციას აკრიტიკებენ, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, “ქართველ ხალხს ურჩევნია დასავლეთის დამადლებულ გროშებზე კი არა, თვითონ დასავლეთზე თქვას უარი, თუკი იქიდან ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი „ღირებულებების“ თავზე მოხვევასა და ფსიქიკაზე ძალადობას მივიღებთ, რასაც ამ ე. წ. ,,თბილისი პრაიდის” ფარგლებში ჰქონდა ადგილი.”

,,ქართველი ხალხი წინაპრების მიერ სისხლით შენარჩუნებულ ცხოვრების წესს ფეხქვეშ არავის გაათელინებს.

არ მინდოდა, ამ ბინძურ თემას შევხებოდი, მაგრამ ჩემი სამოქალაქო სინდისი არ მიტოვებს გაჩუმების უფლებას მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ ვიღაცას გადაუწყვეტია ყველაფერი მრუდე სარკეში აისახოს – სიკეთე ბოროტებად წარმოჩინდეს, სიყვარული სიძულვილად, ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება კი უარყოფითად შეფასდეს.

დღეს, როდესაც ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა დგას, დაწყებული, პანდემიით და, დამთავრებული, ტერიტორიული მთლიანობის საკითხითა და ეკონომიკური სიდუხჭირით, გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოიწვევას ცდილობენ. სხვა რა ახსნა და, მით უმეტეს, რა გამართლება აქვს ორმოცგრადუსიან სიცხეში ე. წ. თბილისი პრაიდის გამართვას, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქმება?!

რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ? იგი ისე უნდა მოიქცეს, როგორც მოიქცა. პრემიერ-მინისტრმა ორივე მხარეს გონიერებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. არამარტო მოუწოდა, არამედ იმოქმედა კიდეც ამ მოწოდების შესაბამისად და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა დესტაბილიზაციაში არ გადაზრდილიყო. ეს კი საკმაოდ რთული ამოცანა იყო, ვინაიდან ზოგიერთი ჟურნალისტი და ზოგიერთი მედიასაშუალება ცეცხლზე ნავთს ასხამდა და დაპირისპირების აშკარა ინსპირატორის როლში გამოდიოდა. სამწუხაროდ, იგივეს აკეთებდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი ღონისძიების აშკარა წახალისებით იყვნენ დაკავებულნი.

სახალხო დამცველს, რომელიც გააფთრებული მოუწოდებდა პოლიციას, რომ გარყვნილების პროპაგანდისტები დაეცვა, უნდა ესმოდეს, რომ პოლიცია რომელიმე მხარის ინტერესების დამცველი კი არ არის, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველია. მას ისიც უნდა ესმოდეს, რომ პოლიციელებს ოჯახები ჰყავთ, მშობლები და შვილები ჰყავთ, ამიტომ ისინი ვერ დაიცავენ იმას, რაც მათ წარსულსა და მომავალს ერთნაირად შეურაცხყოფს და, რაც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. რაც მთავარია, ქალბატონმა ლომჯარიამ უნდა იცოდეს, რომ სახალხო დამცვეელი ორმაგი სტანდარტებით არ უნდა მოქმედებდეს. ის კი არ უნდა დაიცვას, ვინც მის გემოვნებას აკმაყოფილებს, არამედ ის უნდა დაიცვას, ვინც დასაცავია. საინტერესოა, ლომჯარიამ რატომ არ დაიცვა საზღვარგარეთიდან ჩამოსული ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავდასხმის უდანაშაულო ობიექტი გახდა. მრავალი ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება.

გამკვირვებია იმ ადამიანების, რომლებიც პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სწორ და ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახებ პოზიციას აკრიტიკებენ. გასაგებია, რომ ამ უსინდისო პოზიციით ისინი დასავლეთის „კეთილისმყოფელთა“ წინაშე ლიქნით არიან დაკავებულნი, რათა მათგან მეტი სარგებელი მიიღონ, მაგრამ მათ ეშლებათ. ქართველ ხალხს როგორც უნდა უჭირდეს, მამულს, ენას და სარწმუნოებას ყველანაირ მატერიალურ სიკეთეზე მაღლა აყენებს. ქართველ ხალხს ურჩევნია დასავლეთის დამადლებულ გროშებზე კი არა, თვითონ დასავლეთზე თქვას უარი, თუკი იქიდან ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი „ღირებულებების“ თავზე მოხვევასა და ფსიქიკაზე ძალადობას მივიღებთ, რასაც ამ ე. წ. თბილისი პრაიდის ფარგლებში ჰქონდა ადგილი. დღეს ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხი წინაპრების სისხლის ფასად აქამდე მოტანილ ცხოვრების წესს ფეხქვეშ არავის გაათელინებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ მისი იმ განცხადებით, რომლითაც ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ გამოხატა თბილისი პრაიდის მიმართ და საზოგადოების აზრიც გაითვალისწინა, შესაძლებელია მის კარიერას ზიანიც კი მიაყენა, მაგრამ ისტორიას ერის ის წინამძღოლები შემორჩებიან-ხოლმე, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრს ხალხსა და ქვეყანაზე ფიქრს ამჯობინებენ.
ვთვლი, რომ მედიაზე ძალადობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია,” – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები