მედიასაშუალებები ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე უარს ამბობენ
მედიასაშუალებები ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე უარს ამბობენ.
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს.
“ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებსა და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს.
“რუსთავი 2” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ტელეკომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები. ტელეკომპანია ძალოვან უწყებას მიაწვდის ფიზიკური ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას, სადაც თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მარტივია. “რუსთავი 2″ აუცილებლად ყურადღებით დააკვირდება გამოძიების პროცესს, ვიდრე ყველა დამნაშავე კანონის წინაშე არ აგებს პასუხს!” – ნათქვამია “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პირველი არხი გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობასა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.
საქართველოს პირველი არხი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ ყველა მომხდარი ფაქტი. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის.
ინგა გრიგოლია ჟურნალისტებს მოუწოდებს, დატოვონ დაძაბულობის წერტილები და შეწყვიტონ ძალადობრივი აქციის გაშუქება.