რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო უცხოური ვაქცინის შეტანას ითხოვენ
რუსეთის პარტია “იაბლოკო”-ს თავმჯდომარემ, ნიკოლაი რიბაკოვმა ქვეყნის პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინს მიმართა თხოვნით, დაუშვას უცხოური წარმოების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეტანა, რათა გაფართოვდეს COVID-19-ის პრევენციის შესაძლებლობები.
”რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეგისტრირდეს და ნებართვა გაიცეს რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტსა და გამოყენებაზე – იმ პრეპარატების შემოტანაზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული ან რეგისტრირებულია ევროპული სააგენტოს მიერ”, – ნათქვამია პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
პარტიის სპიკერმა, იგორ იაკოვლევმა მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ უცხოური წარმოების ვაქცინების შემოტანისა და გამოყენების ნებართვამ უნდა გაზარდოს რუსეთში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი, რაც სასარგებლო გავლენას მოახდენს კორონავირუსის გავრცელების მდგომარეობაზე.